ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 88% რუსეთთან ამჟამინდელ ურთიერთობას უარყოფითად აფასებს.
როგორც სასტუმრო "რედისონში" NDI-ის კვლევის პრეზენტაციაზე საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობა გამოკითხულთა 6%-ს მოსწონს.
მისივე თქმით, გამოკითხული მოსახლეობის 49%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 30% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს მართლაც წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. 8% რუსეთიდან საფრთხეებს ვერ ხედავს.
ნავაროს განცხადებით, გამოკითხულთა 66 პროცენტი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ ის ე.წ აფხაზეთიდან და ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს, მისაღებს უწოდებს, ხოლო 5%-ისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.
რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, 26%-ისთვის მისაღებია, 33% - მიუღებლად მიიჩნევს, ხოლო 40%-მა საერთოდ არ იცის ამ ინიციატივის შესახებ.
ნავაროს ინფორმაციით, გამოკითხული მოსახლეობის 74% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, მას 70% უჭერს მხარს.
