"ჰოლიდეი ინნ"-ში საერთაშორისო კონფერენციაზე "უსაფრთხოება სამხერთ კავკასიაში" საუბარი საქართველოსთვის აქტუალურ - კონფლიქტებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კონფერენციიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხრიდან არ გაკეთებულა მხოლოდ იმ სამწუხარო სიტუაციების ანალიზი, რომელიც კავკასიაში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებითაა შექმნილი, არამედ, საუბარი შეეხო იმ გზებსა და ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებით კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაა შესაძლებელი.
"ჩვენ არ გავიკეთებია მხოლოდ იმ კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი, რაც სამხრეთ კავკასიაშია, მაშინ როდესაც, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და როდესაც ჩვენი მრავალი მოქალაქე სამშობლოში დევნილად იქცა" - განაცხადა ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა.
ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან საუბარი შეეხო დემოკრატიზაციის პროცესსაც, რადგან მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობას ირჩევს.
"ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესვლა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების კლუბში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ამტკიცებს რეგიონში"- აღნიშნა მინისტრმა.
ვაშაძის განცხადებით, კონფერენციაზე საუბარი შეეხო ირანის საკითხსაც. თუმცა, მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ კონფერენციაზე მოქმედებს წესი, როდესაც ინფორმაცია გარეთ არ გამოდის. ამდენად, მინისტრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ირანის საკითხზე ძალიან ბევრმა გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა.
"უილტონ პარკის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორსო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები ესწრებიან. კონფერენცია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ენერგო და ეკონომიკური რესურსების და რეგიონული დემოკრატიზაციის პროცესების განხილვას ითვალისწინებს.
