საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება, სადაც German Marshall Fund of the US მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმი სახელწოდებით - "საქართველოს მომავლის კვალდაკვალ" წელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეძღვნება.
კონფერენციის მონაწილეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს; ასევე, იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზე.
ფორუმს, რომელიც მიუნხენის მახლობლად იმართება, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტოლოგები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ელმაუში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც იმყოფება.
კონფერენცია არაფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხედ იმართება.
