" მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება ორშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის მოხდა.
ცვლილებების ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ გაირკვევა როგორ დარეგულირდა ის საკითხები, რომელიც აქამდე სადაო იყო.
წინასწარ ცნობილია, რომ "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება აღარ იქნება და ახლებურად ჩამოყალიბდება 26 პრიმა მუხლი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ახალი კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს ამ მიმართულებით ხარჯავს.
ახალი ცვლილებების თანახმად, უნდა შემცირდეს სანქციები პარტიებისადმი რიგ დარღვევებთან დაკავშირებით და კონტროლის პალატის ფუნქციები უნდა გაიწეროს.
