"ქართული ოცნება" - ხელისუფლება აგონიაშია
"ქართული ოცნება" - ხელისუფლება აგონიაშია
19:25 20.03.2012
ხელისუფლება ხვდება, რომ მის ძალაუფლებაში ყოფნა დასასრულს უახლოვდება და აგონიაში ჩავარდა. ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ავტორთა თქმით, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მიმართ გაკეთებულ "შეურაცხმყოფელ და უპასუხისმგებლო განცხადებებს".
კოალიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს სცილდება და საშიშ ტენდენციას იღებს.
"ასეთ განცხადებებს ეროვნულ თავმოყვარეობასთან საერთო არაფერი აქვს. ის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გარდაუვალი დამარცხების შიშით არის გამოწვეული" - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა