საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ქართული ოცნების" პირველი დაპირება კრიმინალური ქაოსი და ქვეყანაში ანარქიის გამეფებაა.
ეს განცხადება წიკლაურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
დეპუტატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.
"ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ პროვოკაციული ბრალდებები მოვისმინეთ იმაზე, რომ საქართველოში ახალი სირია იქნება, ზუგდიდი და სხვა ქალაქები ჰომსს დაემსგავსებიან. მოვისმინეთ, რომ ქართველები ერთმანეთს კვლავ ესვრიან" - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" საარჩევნო დაპირება აქამდე არ ჰქონია, მისი პირველი დაპირებაა – კრიმინალური ქაოსი და ქვეყანაში ანარქიის გამეფება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ალასანიას ეს განცხადება პუტინის განცხადების კვალდაკვალ და მის უნისონში გაკეთდა.
"ქართულ ჯარზე თავდასხმები ახალი არ არის. ორი კვირის წინ, ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედროებზე უსაძაგლესი რამ მოვისმინეთ, ახლა მეორე თავდასხხმაა, როდესაც ქართულ პოლიციასა და ჯარს უკანონო ფორმირებებს ადარებენ. ამ აგრესიას, რომელიც თქვენგან მოდის და თქვენი რეიტინგის კატასტროფულ კლებას უკავშირდება, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და ქვეყნის განვითარებას დავუპირისპირებთ. თქვენ ხართ ძალები, რომლებიც მხოლოდ წარსულის ოცნებების აღდგენით იკვებებით" - განაცხადა წიკლაურმა.
