აგროდაზღვევის განვითარების ახალი პროგრამა იწყება
აგროდაზღვევის განვითარების ახალი პროგრამა იწყება
16:26 20.03.2012
აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), "საქართველოს ბანკმა" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" ფერმერებისათვის აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყეს.
ახალი საპილოტე პროგრამა საქართველოში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
მისი მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და ფერმერებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
"საქართველოს ბანკი" და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, პირველ წელს სადაზღვევო პრემიის 90%-ს ერთობლივად დააფინანსებენ, დარჩენილ 10%-ს კი - ფერმერი თავად დაფარავს. პროგრამა სასოფლო-სამეურნეო სექტორში 1,2 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო რესურსის მობილიზებას ითვალისწინებს.
საწყის ეტაპზე 300 ფერმერის დაზღვევაა დაგეგმილი. ამავდროულად, ფერმერები პროექტის ფარგლებში კონსულტაციებითა და ტრენინგებით ისარგებლებენ.
აღნიშნულ პროგრამაზე მხარეებმა დღეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა აშშ–ს საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიანი პროგრამაა. მისი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის დარგების განვითარების ხელშეწყობაა.

ბეჭდვა