კახა ძაგანია - არჩევნებს აქციებით და მიტინგებით უნდა შევხვდეთ
კახა ძაგანია - არჩევნებს აქციებით და მიტინგებით უნდა შევხვდეთ
16:20 20.03.2012
"ლეიბორისტული პარტია" საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობას მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა, ამის პარალელურად, საპროტესტო აქციების გამართვას აუცილებლობად მიიჩნევს.
აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ სასტუმრო "ვერე პალასში" ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე სასაუბროდ "თავისუფალი საქართველოს" ინიციატივით შეიკრიბნენ.
"არჩევნებს აქციებითა და მიტინგებით უნდა შევხვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეჟიმს ვერ დავამარცხებთ" - განუცხადა "ნიუსპრესს" ძაგანიამ და დასძინა, რომ "ლეიბორისტული პარტია" ოპოზიციონერ კოლეგებთან ითანამშრომლებს.
პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა შეხვედრის მონაწილეებს ლეიბორისტების წინადადებები გააცნო. პარტიის მოთხოვნაა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას საერთაშორისო სააპელაციო კომისია, რათა არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს არ ჰქონდეს პრემიერ-მინისტის ან პარლამენტის სპიკერის პოსტის დაკავების უფლება, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევა, გაყალბების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ბიულეტენების ხელახლი გადათვლა, საარჩევნო ადმინისტრაციები პარიტეტული წესით უნდა დაკომპლექტდეს.

ბეჭდვა