ბაღათურიამ შს მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს შეკითხვებით მიმართა
ბაღათურიამ შს მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს შეკითხვებით მიმართა
16:16 20.03.2012
"ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას აინტერესებს არის თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქმე აღძრული. ამ შეკითხვით მან დღეს პარლამენტში მყოფ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს მიმართა.
ბაღათურიას თქმით, ასევე, იკვეთება პრეზიდენტის ოჯახის წევრების კავშირი უცხოურ ფულთან.
მას ასევე აინტერესებს რა ეტაპზეა ბრალდებული სოლომონ ქიმერიძის მკვლელობის საქმის გამოძიება და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები.
"რატომ ხდება, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობებიდან ადამიანები კიბეებიდან ვარდებიან? რა განსხვავებაა - კახა თარგამაძის დროს ფანჯრებიდან ვარდებოდნენ ადამიანები, ახლა კი – კიბეებიდან" – განაცხადა ბარათურიამ.
იგი ასევე დაინტერესდა მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეზე.
ბაღათურიამ სხდომათა დარბაზში მყოფი ორი მინისტრის – ზაზა გოროზიას და დიმიტრი შაშკინის მისამართითაც გააკეთა მწვავე განცხადება.
"დაწყებულია თუ არა მოკვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას, მისი ძმის ზაალ გოროზიასა და მისი სანათესაოს წინააღმდეგ, რომლებიც ერთად კორუფციასა და პროტექციონიზმში არიან მხილებული და ამაში დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა" - მიმართა ჯონდი ბაღათურიამ შს და იუსტიციის მინისტრებს.
დეპუტატების შეკითხვებისთვის პრემიერს და მინისტრებს პასუხი ჯერ არ გაუციათ, რადგან პარლამენტში შესვენება გამოცხადდა.
ბაღათურიას პასუხი სხდომის წამყვანმა, პირველმა ვიცე–სპიკერმა გასცა. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, კასტინგი გრძელდება და ბარათურიას გამოსვლა ამაზეა გათვლილი.

ბეჭდვა