"ქართული ოცნება" ივანიშვილის დაჯარიმებას კანონდარღვევად აფასებს
"ქართული ოცნება" ივანიშვილის დაჯარიმებას კანონდარღვევად აფასებს
14:50 20.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქაღთული ოცნება" კონტროლის პალატის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის 2 725 970 ლარით დაჯარიმების ფაქტს კანონდარღვევად აფასებს.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" მოძრაობის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
"კონტროლის პალატის მხრიდან "ქართული ოცნების " წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება კანონდარღვევაა. ის მხოლოდ ერთ მიზანს ძლიერი ოპოზიციური ძალისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას ემსახურება. მაგრამ ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ფინანსისტებისა და ადვოკატების ჯგუფი ამ საკითხს განიხილავს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების ფაქტზე 2 725 970 ლარით დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან "ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა 272 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი, იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან.
უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ ივანიშვილი უკანონო დაფინანსების - 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.

ბეჭდვა