პროფესიული გადამზადების ვაუჩერული დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარი გამოიყო.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროფესიული განათლების მიღების საშუალება 7 ათას ადამიანს ექნება, მათ შორის, მიმდინარე წლის 9 და 12 კლასდამთავრებულ მოზარდებს. ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, პროფესიული გადამზადების მსურველი მოქალაქეები 1 000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, ვაუჩერი უკვე 1500-მდე ადამიანზე გაიცა.
პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება.
თბილისის პარალელურად, რეგისტრაცია ქუთაისსა და ქობულეთშიც მიმდინარეობს.
