კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების
შექმნის პროცესში მონაწილე კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებს.
როგორც მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა, შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება სამეგრელოში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალაიებს დაავალა.
"არავისთვის დასამალი არ არის, რომ სამეგრელოს ახალაიების კლანი აკონტროლებს. პროკურორ როლანდ ახალაის ვაჟები არიან თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელი პირები, სწორედ მათ დაავალა სააკაშვილმა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. თავის მხრივ კი, ახალაიებმა ეს დაავალეს - რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, დავით დარსმელიძეს" - განაცხადა ალასანიამ.
როგორც ალასანია განმარტავს, ეს ინფორმაცია მან ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან მიიღო და გადაამოწმა კიდეც. ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული ძალები არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გამოიყენოს.
ამასთან, როგორც იგი განმარტავს, მას ფორმირებების დისლოკაციის ადგილთან დაკავშირებითაც აქვს ინფორმაცია და ასევე იცის, რომ ისინი არაკანონიერი ნაღდი ფულით ფინანსდებიან.
"შემაშფოთებელია, რომ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა შეიარაღებული ფორმირებები, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მსგავსი ფორმირებების შედეგად სამოქალაქო ომი მივიღეთ" - აცხადებს ალასანია.
მისივე თქმით, აღნიშნული შეიარაღებული ძალები არ წარმოადგენენ რეზერვისტებს და არ არიან რეგისტრირებულები.
"მივმართავ ასევე იმ დაქირავებულთა ოჯახის წვერებს, რომლებიც შანტაჟითა თუ ფინანსური დაინტერესების გამო იმყოფებიან ამ გაერთიანებაში, ბევრი მათგანი პატრიოტია და მათ ვეტყვი, რომ ეს ის ბრძოლა არ არის, სადაც სააკაშვილს უნდა გაჰყვნენ"- განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მსგავსი დაჯგუფებები თბილისშიც იქმნება, თუმცა, ეს საკითხი ზუსტდება.
ალასანია აპირებს, აღნიშნულ საკითხზე მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია უშიშროების საბჭოს გადაუგზავნოს.
