საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 39,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ
ბიძინა ივანიშვილის მიერ "სახალხო კრებასთან" შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის შემდგომ წარმატებებზე ნეგატიურად აისახება.
საპირისპორო მოსაზრებას აფიქსირებს გამოკითხვის მონაწილეთა 35,8 პროცენტი, 24,7 პროცენტს კი - დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
რამდენიმე კვირის წინ "სახალხო კრებასთან" შეხვედრაზე ივანიშვილმა 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მისამართით განაცხადა, რომ ადამიანმა პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა შეძლოს, თუ საერთო საქმეს ვერ ეხმარება ისეთი პოზიცია უნდა აირჩიოს, რომ არ დააზიანოს მაინც ის. აღნიშნულ განცხადებებს და შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ნაწილობრივ გამოქვეყნებას, ორივე მხარის მიერ ერთმანეთის მიმართ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" გამოკითხვის შემდეგი თემა კი, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევაა, კითხვით – "რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებები".
