"ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე კონტროლის პალატის იმ თანამშრომლების დასჯას მოითხოვს, რომლებიც მოქალაქეების გამოკითხვისას საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებს.
ლევან ვეფხვაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა და საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის გამოკითხვის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
"ეს პროცესი პოლიტიკურ დევნაში არ უნდა გადაიზარდოს" – აღნიშნა ვეფხვაძემ.
უფრო მკაცრი იყო "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებები. მისი თქმით, მოსახლეობის მასიური რეპრესიები მიმდინარეობს, რაც საზოგადოების დაშინებას ემსახურება.
"ფაშისტური გერმანიის დროს ხდებოდა მოსახლეობის ასეთი ფორმით დაკითხვები. კლასიკური რეპრესიების განხორციელებაა, როდესაც ადამიანების ჩხრეკა მიმდინარეობს და მათ ფეხსაცმელს და ტანსაცმელს ხდიან" –განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ამ ქმედებებს სათანადო შეფასებები უნდა მიეცეს.
