პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციური რეჟიმი ცხოვრების ყველა სფეროშია შესული.
ამის შესახებ "თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
თემურ შაშიაშვილის განმარტებით, ოპოზიციაში დაქსაქსულობა, სამთავრობო გუნდში გაერთიანება და მოსახლეობაში დაბნეულობა შეიმჩნევა.
"მოსახლეობის ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ 30 ლარი 30 ვერცხლად იქცა, რომლითაც ხელისუფლებამ მოისყიდა მისგანვე გაძარცვული ხალხი. ბევრს ვერც კი გაუგია, რომ რასაც ისინი "მიშას ვაუჩერს" ეძახიან, მათი ცხოვრებიდან ყოველწლიურად უკანონოდ ამოღებული 12 მილიარდია. ვერ გაუგიათ, რომ პოლიციურ რეჟიმს მთლიანად დაექვემდებარა ხალხის ფული,"- ნათქვამია შაშიაშვილის განცხადებაში.
"თეთრების" ლიდერს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი დაუზოგავად ფლანგავს სახელმწიფო თანხებს. შაშიაშვილი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პოლიციის როლს წარმატებით ასრულებს. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ხელისუფლების დამხობის წინაპირობაა.
