კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატა კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოქმედებდა.
აღნიშნული განცხადება ლევან ბეჟაშვილმა დღეს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"საკითხი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების კანონიერებას და საბუღალტრო დოკუმენტაციაში მათ ასახვას. შეკითხვები ამ საკითხის ფარგლებს არ სცდება" - განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი ამ პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
კომიტეტების გაერთიანებულ ღია სხდომაზე, დეპუტატები ლევან ბეჟაშვილს გასულ კვირას კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშრებით შეკითხვებს უსვამენ.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ მოითხოვა.
