ნარკოტრეფიკის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველოდან მალაიზიაში სპეცილური ჯგუფი გაემგზავრება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯგუფი მალაიზიაში ქართული მხარის ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას ჩაიტანს და კონსულტაციებს გამართავს. ჯგუფის წევრები დაკავებულთა ადვოკატებს შეხვდებიან.
კალანდაძის განცხადებით, მსგავსი ჯგუფი მალაიზიაში უკვე იმყოფებოდა. ჯგუფში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შედიოდნენ.
კალანდაძის თქმით, პროცესი საკმაოდ რთულად მოგვარებადია, რადგან ის მთლიანად მალაიზიური მხარის ხელშია. ეს სახელმწიფო კი, ნარკოტიკების საკითხთან მიმართებაში თავისი მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ქართული მხარე ამ საქმეში მაქსიმალურადაა ჩართული და მისი უმთავრესი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს სასჯელის უმაღლესი ფორმა - სიკვდილით დასჯა თავიდან აარიდოს.
ნარკოტრეფიკის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი ამჟმად მიმდინარეობს.
