პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზუგდიდის შედარება სირიის ქალაქ ჰომსთან აბსურდულია.
"ამგვარი შედარებებით ცდილობენ საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ. ისინი ფიქრობენ სკამებზე, მე კი სათბურებზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე ვფიქრობ. სირიის სცენარი ნიშნავს, რომ ზუგდიდში იქნება ათასობით ადამიანის მსხვერპლი, დაინგრევა ასეულობით შენობა და განადგურდება ქალაქები, მაგრამ მინდა ყველას გავახსენო ახლა 2012 წელია და არა 1992. სამეგრელოს საზოგადოებას ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზე ხელი მხედრიონის თარეშმაც ვერ ააღებინა. მე ვნახე როგორი ღირსებით შეხვდა სამეგრელო 2008 წელს რუს ოკუპანტებს, ამიტომ ეს მხოლოდ ფანტაზიებია და მეტი არაფერი" - განაცხადა სააკაშვილმა დღეს წეროვანში სასათბურე მეურნეობის დათვალიერებისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ეს იყო წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული პოპულისტური განცხადება.
"ზუგდიდი და მთლიანად საქართველო არჩევანს დემოკრატიულად გააკეთებს და ხმას ღირსეულ კანდიდატს მისცემს" - დასძინა სააკაშვილმა.
