ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები ზაფხულის სტუდენტური დასაქმების პროგრამას ხელისუფლების მორიგ ტყუილს უწოდებენ.
როგორც მათ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, სტუდენტური თვითმართველობები სიებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ადგენენ, რომლითაც გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შევსება მოხდება.
"ბევრი სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ დასაქმების პროგრამაში ჩართვას მოისურვებს და ის არ იქნება მისაღები სტუდენტური თვითმმართველობებისათვის, ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. რეგისტრაცია რომელიც 20 მარტიდან იწყება შეიძლება უბრალოდ თვალის ასახვევად იქნას გამოყენებული. ჩვენი ინფორმაციით სიები უკვე შედგენილია, ანუ საქართველოს 110 000 სტუდენტიდან 85 ათასი მოტყუებული დარჩება"- განაცხადა ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი პაპელაშვილმა.
აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს განათლების მინისტრს რომ ყველა სტუდენტს რომელსაც დასაქმების სურვილი გაუჩნდება, ამის რეალური შანსი მიეცეს. მათივე მოთხოვნით პროგრამა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას ახორციელებს რომელიც 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
