"სახალხო კრების" წარმომადგენლებმა დღეს საბჭოს სხდომაზე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფორმირების საკითხზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ოპოზიციურმა სპექტრმა დროულად დააფიქსიროს პოზიცია გაერთიანების თაობაზე, რაც მისი აზრით, არა "სახალხო კრების", არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
"შეთავაზება უკვე გაკეთებულია, ვისაც სურს არსებულ რეჟიმთან შეურიგებელ ბრძოლაში ჩაბმა და თანამშრომლობა, მზად ვართ" - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი - ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების სერიის დაუყონებლივ დაწყების ინიციატივით გამოვიდა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდება დოკუმენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც შემდეგ ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
"სახალხო კრებამ" ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც იმსჯელა და გადაწყვიტა - გააგრძელოს ქმედითი ღონისძიებები საკითხის ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადასაწყვეტად.
