ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა კონტროლის პალატაში განცხადება შეიტანეს.
ადვოკატის თქმით, ის საქმის მასალებს არ იცნობს და საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების მომზადებისთვის გონივრული ვადის მიცემას ითხოვს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, პოლიტიკური დევნის პროცესი გრძელდება.
"სააკაშვილი იმდენადაა შეშინებული, რომ გადაწყვიტა, ოპოზიციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს დევნა გამოუცხადოს და მთელი ძალებით ებრძვის მათ, როგორც კონტროლის პალატით, ასევე პოლიციის საშუალებით" - განაცხდა ხიდაშელმა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, რომელიც ქვეყანაში ვითარებას გაამწვავებს.
ხიდაშელის თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ 5 აპრილს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარი ეთქვას.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" კონტროლის პალატიდან ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის წარმოებასთან დაკავშირებით მიიღო.
