ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებით, ხელისუფლება ცდილობს საფუძველი შექმნას, თითქოს ივანიშვილი სახელმწიფო და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამ მიზეზით, მას საქართველოს მოქალაქეობას არ ანიჭებს.
"11 მარტიდან კონტროლის პალატა, შსს-სთან და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, "ქართული ოცნების" ასობით მხარდამჭერის შევიწროება-დაშინების ოპერაციას უკანონოდ ახორციელებს" - ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ეს კამპანია კონსტიტუციის უგულებელყოფითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად, 15 მარტს კონტროლის პალატამ "პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების" გამო ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
"საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში" - ნათქვამია განცხადებაში.
