საქართველოს ელჩმა ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
12:17 16.03.2012
ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ეკვადორის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ლენინ მორენო გარსიას  რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და ეკვადორს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.
ვიცე-პრეზიდენტმა ელჩთან საუბრისას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავისი ქვეყნის მხარდაჭერა დააფიქსირა.
ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრები საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებში გამართა. იგეგმება მისი მისვლა ეკვადორის ეროვნულ ასამბლეასა და სავაჭრო და ინდუსტრიის პალატაშიც.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი აკრედიტებულია, როგორც საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, სურინამში, პერუსა და ეკვადორში.

ბეჭდვა