პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის მილოცვის წერილის გაგზავნას დიპლომატიის ნიმუშად მიიჩნევს.
შაშიაშვილის თქმით, კათოლიკოსის წერილი ქართული განწყობის გამომხატველია და პოლიტიკოსებისთვის მისაბაძი მაგალითია.
მისივე თქმით, უდიდესი სიბრძნეა ის, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააკეთა. "შიშისა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, პუტინისა და რუსეთის მლანძღველები სკამებზე ფიქრობენ და არა საქართველოზე"- აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ პუტინის ლანძღვამ საქართველო მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.
"გამიჭირდება დავასახელო პუტინის გარდა სხვა პიროვნება, რომლის ლანძღვამაც ასე გაამაგრა ტახტზე სააკაშვილი და ასე დაანგრია საქართველო. ღმერთმა ნუ ქნას კვლავ ეს შეცდომა დავუშვათ და ეს ხელისუფალი დავტოვოთ ან ისეთი ავირჩიოთ, ვინც პუტინისა და რუსეთის ლანძღვას გააგრძელებს"- განაცხადა შაშიაშვილმა.
