კონტროლის პალატამ შპს "ელიტა ბურჯი" დააჯარიმა
კონტროლის პალატამ შპს "ელიტა ბურჯი" დააჯარიმა
17:14 15.03.2012
კონტროლის პალატის პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს "ელიტა ბურჯი" უკანონო შემოწირულობის 150 000 აშშ დოლარის გადარიცხვისთვის დააჯარიმა.  
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს "ელიტა ბურჯის" მიერ მოძრაობა "ქართული ოცნებისათვის" ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება შეისწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს "ელიტა ბურჯმა", როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ.
მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ "ელიტა ბურჯი" მოძრაობას 500 000 აშშ დოლარის ღირებულების, ბრენდირებული 200 000 ცალი მაისურით უზრუნველყოფს. კომპანიამ ამ მიზნით თურქული კომპანია "TUREN CAMASIRLARI"-ის ანგარიშზე 150 000 აშშ დოლარი გადარიცხა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მიერ ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული. "ელიტა ბურჯის" მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მომსახურება არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან.
მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესში გამოკითხული იქნა შპს "ელიტა ბურჯის" დირექტორი თენგიზ გვაზავა და საწარმოს მთავარი ბუღალტერი ნინო მენაბდე. ფირმის წარმომადგენლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს.
მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს "ელიტა ბურჯის" ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მოძრაობა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. კონტროლის პალატის განმარტებით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს ეწინააღმდეგება და განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმებას ექვემდებარება.

ბეჭდვა