საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის განცხადებას პასუხობს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის განცხადებას პასუხობს
17:02 15.03.2012
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
უწყების განცხადების თანახმად, ლავროვმა წინაპირობა წამოაყენა, რომლის თანახმადაც რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით შემხვედრ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებს.
"შევახსენებთ ბატონ ლავროვს, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს სანაცვლოდ არანაირი წინაპირობა არ წამოუყენებია - არც რუსეთის ჯარების გაყვანის, არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების და არც საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილება მხოლოდ პრაგმატული ქმედებაა, რომლის მიზანია ერებს შორის ურთიერთობებს "რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ყალბი სიტყვების ფონზე" ხელი შეუწყოს.
"ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან მიგვაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სარგებლობას მოუტანდა. მოსკოვის ამგვარი პოზიციის მიუხედავად, საქართველოს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება" - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის რამდენიმე ათასმა მოქალაქემ ახალი სავიზო რეჟიმით უკვე ისარგებლა.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი ოკუპაციის შედეგად იქნა მიღებული. როგორც კი ამ რეგიონების დე-ოკუპაცია მოხდება, კანონი ავტომატურად გაუქმდება.

ბეჭდვა