პარტია "თავისუფალი საქართველო" და "თავისუფალ სტუდენტთა კავშირი" სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც პარტიის გენერალულმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს უნივერსიტეტის დეპოლიტიზაცია, ასევე, გუშინ უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
მისი თქმით, უნივერსიტეტის თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ბექა ახლოურმა განსხვავებული აზრის გამო სტუდენტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, ახლოურმა სტუდენტებს თავის დაქვემდებარებაში მყოფი "ზონდერბრიგადა" მოუყვანა და სამ სტუდენტს სასტიკად გაუსწორდა.
"თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარის ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, ახლოური სტუდენტებთან დაპირისპირებაში არაერთხელაა შემჩნეული.
"უნივერსიტეტი "ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინად გადაიქცა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ინციდენტში მონაწილეობას ახლოური და ხეციკაშვილი იღებდნენ, დანარჩენი 15 მონაწილის ვინაობა უცნობია, ისინი სტუდენტები არ იყვნენ" - განაცხადა მეტრეველმა.
რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი არიან ახალგაზრდა ბლოგერები გიორგი კოპალეიშვილი, თემურ უსტარაშვილი და ზვიად მამფორია.
შალამბერიძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც მომხდარს გამოიძიებს.
