"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ორ პარტიას შემოსავლებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ორ პარტიას შემოსავლებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს
12:32 15.03.2012
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" შემოსავლების წარმომავლობის ნაწილზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთლიანი შემოსავლების 38%-ის (2 278 442 ლარი) და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შემოსავლების 6%-ის (53 289 ლარი) წარმომავლობა უცნობია. ასეთი დასკვნის საფუძველს პარტიების მიერ კონტროლის პალატისთვის წარდგენილი 2011 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზი იძლევა.
2011 წლის ბოლოს კონტროლის პალატამ ფინანსური დეკლარაციების წარსადგენად პოლიტიკური პარტიებისთვის სპეციალური მოსახერხებული ფორმები შეიმუშავა. შემოსავლების შემთხვევაში, გრაფა რომელიც 14 სახის შემოსავალს მოიცავს, დამატებით იყენებს "სხვა შემოსავლების" კატეგორიას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს ორმა პარტიამ "სხვა შემოსავალში" საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა მიუთითა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომავლობა უცნობია.
"მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხების ლიმიტი არ არსებობდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, აქამდე ყველა პარტია ზუსტად განსაზღვრავდა შემოსავლის სახეს და არ უთითებდა "სხვა" კატეგორიას. 2011 წლის ბოლოს ერთიანი ანგარიშგების ფორმების შექმნის ფონზე, პოლიტიკური პარტიების მიერ გაურკვეველი შემოსავლების გაჩენა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, უკანგადადგმული ნაბიჯია"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
"საერთაშორიო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატამ დეკლარაციაში შემოსავლის მაქსიმალურად ყველა შესაძლო სახე უნდა მიუთითოს და "სხვა" კატეგორიის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს კონკრეტული შემოსავლის წყაროს მითითება. გარდა ამისა, მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიებს "სხვა შემოსავლების" დეტალიზაცია უნდა მოსთხოვოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მმართველ პარტიას და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" "სხვა შემოსავლების" წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

ბეჭდვა