ედპ სერგეი ლავროვის განცხადებას ცინიკურს უწოდებს
ედპ სერგეი ლავროვის განცხადებას ცინიკურს უწოდებს
20:27 14.03.2012
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას ცინიკურს უწოდებს.

როგორც ედპ-ს განცხადებაშია ნათქვამი, ლავროვი საქართველოს მიმართ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს კიდევ ერთხელ ავლენს.

"რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ამ ქვეყანასთან რაიმე სახის ურთიერთობაზე საუბრის დაწყება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, დაუშვებელია. რუსეთი საქართველოსგან ერთადერთს ითხოვს - უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან.

ბეჭდვა