პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემა მკაფიოდ უნდა იყოს რეგულირებული და ისეთი აკრძალვები არ უნდა არსებობდეს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის
თავისუფლებას არღვევს. ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან პავლე კუბლაშვილთან არასამთავრობოების შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბარში ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს საკუთარი წინადადებები უკვე წარუდგინეს, ახლა მისგან ელიან პასუხს.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დოკუმენტი საწყისად იქნება აღებული და პარლამენტი გვეტყვის ჩვენი ვერსიიდან რას გაითვალისწინებს" – განაცხადა ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ არასამთავრობოების წინადადებები კანონის გამართვას უკავშირდება.
"ჩვენი წინადადება შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილს. ამომრჩეველი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი წესით" – განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პარტიებსა და არსამთავრობო სექტორს ბევრი შენიშვნა აქვს.
