"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების შეთავაზებით, რუსეთი საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრის პირით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ირიბ
აღიარებაზე დათანხმებას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
"ამ კანონების გაუქმება რუსეთის კომპეტენციაში არ შედის, სრულიად დაუშვებელია ამ ტონით საუბარი. რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი თანამდებობის პირი თავს უფლებას აძლევს ცუდი ტონით ისაუბროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე" - აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან არის სისუსტისა და იმის მანიშნებელია, რომ მათ პრობლემებზე დავა არ შეუძლიათ.
"როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი ის პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადის. საქართველოს არცერთ თანამდებობის პირს თავისთვის არ მიუცია უფლება ასეთი ტონით ესაუბრა რუსეთის ფედერაციაზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ და ვაკრიტიკებთ მწვავედ მათ პოლიტიკას, არასოდეს არ გადავდივართ პიროვნებებზე" - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან
