გაბაშვილი – რუსული დიპლომატია საფულის დიპლომატიით არის დაკავებული
გაბაშვილი – რუსული დიპლომატია საფულის დიპლომატიით არის დაკავებული
17:16 14.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყება დღედაღამ იმით არის დაკავებული,  რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყიდოს. ეს განცხადება გაბაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"ისინი იმ ქვეყნებში დადიან, სადაც ფიქრობენ, რომ კორუფციითა და მოსყიდვით შეუძლიათ რაღაცას მიაღწიონ. ყურადღება მიაქციეთ ავსტრალიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებას როგორ დადიან რუსი დიპლომატები წყნარი ოკეანის კუნძულებზე და ცდილობენ ეს პატარა სახელმწიფოები მოისყიდონ" – განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში გოკა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისთვის რუსეთმა ნაურუს 50 მილიონი დოლარი გადაუხადა, ტუვალუს კრედიტები მისცა, ხოლო უგო ჩავესს – მრავალმილიარდიანი დახმარება.
"ამას ჰქვია საფულის დიპლომატია, რომლითაც რუსული დიპლომატია აქტიურად არის დაკავებული" – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს.

ბეჭდვა