საქართველოს მთავრობა რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს. ამას "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
რადიაციული ავარიის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ რადიოაქტიური დაბინძურების რისკი წარმოქმნას, საქართველოს მთავრობა ვალდებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუყონებლივ შეტყობინება გაუგზავნოს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი და საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენის იმპორტი. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
"ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი ამ კვირაში მიიღებს.
