გიორგი ახვლედიანმა უმრავლესობას ფრთამოტეხილობა შეამჩნია
გიორგი ახვლედიანმა უმრავლესობას ფრთამოტეხილობა შეამჩნია
16:01 13.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" დღეს ხელისუფლება ფრთამოტეხილი მოეჩვენა.

"ფრთამოტეხილები მეჩვენებით, აღარ არის რიხი და ძველებური არგუმენტირებულობა" – მიმართა გიორგი ახვლედიანმა უმრავლესობას.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა უმრავლესობას გამოცოცხლებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტმა ყურში ხომ არ გითხრათ, რომ 2013 წლის შემდეგ აღარ აპირებს მაღალ თანამდებობაზე ყოფნას. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, ვეღარ გცნობთ" – მიმართა ახვლედიანმა მმართველი პარტიის წევრებს.

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დღეს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

"სასაცილო მდგომარეობაში იყენებთ თავს, როცა გვიმტკიცებთ, რომ ჩვენ ქართული ძეგლები არ გვაინტერესებს და არ გვტკივა. გვტკივა და ამიტომ ვამბობთ, რომ ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს არ იყენებს" – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, მთავრობა ჩამოყალიბებული არ არის, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ძეგლების აღდგენაზე საქართველოსა და თურქეთს შორის ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კი - საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს.

ბეჭდვა