პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ხელისუფლებას გაუაზრებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში ადანაშაულებს.
პარტიის საერთაშორისო მდივნის თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, როდესაც აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებას ისრაელთან აწარმოებს.
"ეს ყოველივე საერთაშორისო კუთხით ქვეყნის იმიჯს აკნინებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს. აქამდე, ამ საკითხზე არც ისრაელის ხელისუფლება და არც საპატრიარქო სათანადოდ ინფორმირებული არ არის. შესაძლოა, ეს საკითხი დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტიტას ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაისვას" - აღნიშნა მურვანიძემ.
"საქართველოს გზის" წევრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ მსგავსი საკითხები საზოგადოებასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდეს და არა მაშინ, როდესაც ხელისუფლებას პიარისთვის დასჭირდება.
მისივე თქმით, პარტიისთვის მიუღებელია ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხში საპატრიარქოს პოზიციას არ იზიარებენ.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას 25 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.
