საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის არსებობის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს ტყუილსა და დემაგოგიას უწოდებს.
ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას მისამართით განაცხადა, რომ "ეს სუბიექტი დაფინანსების მოსაპოვებლად "ვანოს შოუს" აწყობს".
უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტებს ურჩია დღევანდელი საქართველო წინა ხელისუფლების დროს არსებულ ქვეყანას შეადარონ, როდესაც ყველა ჩინოვნიკი კორუფციით ირჩენდა თავს და ბიზნესის ყველა სფეროს პრეზიდენტი და მისი ოჯახი აკონტროლებდა.
მისი თქმით, მაშინ რეგიონები კვირების განმავლობაში ჩაბნელებული, სახელმწიფო ბიუჯეტი 12-ჯერ ნაკლები, პენსია 14 ლარი და ხელფასი 30-40 ლარი იყო, რაც თვეობით არ გაიცემოდა.
ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოში კორუფციის არსებობის შემთხვევაში, დიდი ოდენობის ინვესტიცია არ შემოვიდოდა.
