საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" 29 მარტს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "სამთავრობო საათის" გამართვას მოითხოვს.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ "სამთავრობო საათზე" იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას იწვევენ.
მერაბიშვილსა და ადეიშვილს 10 ძირითად შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. კერძოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსური საქმიანობის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის, ასევე, მართლმსაჯულებასა და გამოძიების პროცესში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ოპოზიციურმა ფრაქციამ "სამთავრობო საათზე" მოწვევის შესახებ მინისტრებს წერილობითი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.
