საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთის ე.წ. არჩევნები ეთნიკური წმენდის დაფარვის მცდელობაა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთის ე.წ. არჩევნები ეთნიკური წმენდის დაფარვის მცდელობაა
11:57 13.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს.  
სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ფარსის ჯეროვნად შეფასებისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რათა მან დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო პოლიტიკური უწყება აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფაქტს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უპატივცემულობისა და უგულებელყოფის შეფასებას აძლევს.
"აღნიშნული უკანონობა ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგი წარუმატებელი მცდელობაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში" - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ბეჭდვა