აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციალური განცხადება გაკეთდება.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს იურიდიული აბსურდი უწოდა.
"ვიდრე ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომელმაც საკუთარი სახლი დატოვა, უკან არ დაბრუნდება და ვიდრე საოკუპაციო ჯარები არ დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, საუბარი არც ერთ არჩევნებზე არ იქნება" – განაცხადა მაჭავარიანმა.
აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა, ხოლო 24 მარტს მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში დე-ფაქტო პარლამენტის 35-დან მხოლოდ 13 წევრი აირჩიეს, დანარჩენმა კანდიდატებმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა 50% ვერ დააგროვეს. ამდენად, 21 საარჩევნო ოლქში მეორე ტური დაინიშნა.
