აფხაზეთში ე.წ არჩევნებზე ქართული მხარის პოზიცია უცვლელია
აფხაზეთში ე.წ არჩევნებზე ქართული მხარის პოზიცია უცვლელია
14:38 12.03.2012
საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია უცვლელია და ეს საკითხი არ  განიხილება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

"თვითონ ეს აქტი მათ მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობაა. ასევე, სურთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა წაართვან. თუმცა, ეს არ მოხდება" - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ქართული მხარის ოფიციალურ პოზიციას იზიარებს და ე.წ არჩევნებს როგორც შემდგარს არ განიხილავს.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზედამხედველობის არანაირი საშუალება არ არსებობს და სადამკვირვებლო მისიებს იქ შესვლის საშუალება არ აქვთ.

10 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.


ბეჭდვა