"სახალხო კრება" ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის "ქართულ ოცნებას" გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "სახალხო კრების"
წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კრება "ქართულ ოცნებას" მიმართავს მათთან ერთ ფრონტად გაერთიანდნენ და ხელისუფლებას ისე ებრძოლონ.
"ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება ავტოკრატული რეჟიმი, რაც შეუძლებელს ხდის რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ხელისუფლება არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, ვინაიდან სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოა ამ ავტოკრატი და დიქტატორი მმართველობისთვის საშიში. ამიტომ აუცილებელია, წარიმართოს სერიოზული ბრძოლა თავისუფალი საარჩევნო გარემოს მოსაპოვებლად" - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, "სახალხო კრების" მიზანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებია.
გაფრინდაშვილის განცხადებით, "სახალხო კრებაში" წარმოდგენილი პარტიები საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დათმობაზე პირველები წავიდნენ და უარი თქვან პირად ამბიციებზე, მათ შორის საპარლამენტო და ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე.
"დღეს უმთავრესია ხელიუსფლების ჩამოშორებაა. შემდეგ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკოსს და რომელ პოლიტიკურ ჯგუფს ჩააბარებს ქვეყნის მართვას" - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
