კოალიცია "ქართული ოცნება" კონტროლის პალატას კოალიციის აქტივისტების დაშინება-დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება კოალიციის წარმომადგენლებმა თინა ხიდაშელმა და ზვიად ძიძიგურმა გააკეთეს.
ხიდაშელის თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში, "ქართული ოცნების" აქტივისტებთან უცნობი პირები მიდიოდნენ და კონტროლის პალატის სახელით ესუბრებოდნენ.
"სხვადასხვა მისამართზე იბარებდნენ აქტივისტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" გაზეთებს" ავრცელებდენ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ. მათ ბრალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით უყენებდნენ. გამოდის, რომ ადამიანი გაზეთის დარიგებით დამნაშავე ხდება"- განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იგი კონტროლის პალატას გამოწვევას უგზავნის -"ქართული ოცნების" ერთ-ერთი სუბიექტის ანგარიშზე დღეს თანხის სახით შემოწირულობას შეიტანს.
"კონტროლის პალატიდან გამოძახებას ველოდები. მივმართავ პროკურატურას - მოკვლევა დაიწყოს იმაზე, თუ როგორ იქცევა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი მოგელაძე დაკითხვებზე და როგორ ცდილობს ის ჩვენი აქტივისტების დაშანტაჟება-დაშინებას" - აღნიშნა ხიდაშელმა.
ხიდაშელის მსგავსად, "ქართული ოცნების" ანგარიშზე შემოწირულობის შეტანას ზვიად ძიძიგურიც გეგმავს.
ძიძიგური და ხიდაშელი კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემთხვევაში, ამ შეხვედრის ვიდეო-გადაღებას და მის გამოქვეყნებას ითხოვენ.
