"ელექტრონული მმართველობის განვითარების" გაერო-ს 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 30 ადგილით დაწინაურდა და 72-ე ადგილზე
გადაინაცვლა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის განმარტებით, ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ლიდერია. მან თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს გაუსწრო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ. ამ სეგმენტში მან 101-დან 42-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
გაერო-ს აღნიშნული პროექტის მიზანია - გაზომოს ქვეყნების წარმატება ელექტრონული მმართველობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
კვლევა სამი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა - ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში.
