სოსო ქიმერიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლადო ბულბულაშვილმა განუცხადა, აქციაზე სხვა "გამოუძიებელ მკვლელობებსაც" გააპროტესტებენ.
"გამოვდივართ იმ ძალადობის წინააღმდეგ რაც რამდენიმე დღის წინ ხაშურში მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სააკაშვილი და მერაბიშვილი ამბობენ, რომ თარგამაძის დროინდელი პოლიციის შენობებიდან ხალხი ცვიოდა. რით განსხვავდება დღევანდელი ქმედებებით ჩვენი პოლიცია, გარდა იმისა რომ მათ შენობების განსხვავებული დიზაინი აქვთ" - განაცხადა ლადო ბულბულაშვილმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი საქართველო" აქციას სრული შემადგენლობით დაესწრება, მთავარი მოთხოვნა კი სოსო ქიმერიძის საქმის ობიექტური გამოძიება და ხაშურის პოლიციის შენობაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გამოქვეყნება იქნება.
შინაგან საქმთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სოსო ქიმერიძე შსს-ს ხაშურის სამმართველოში კიბიდან გადავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
ოფიციალურ ვერსიას არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და უფლებადამცველები არ იზიარებენ.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
