პაატა დავითაია საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების დაგმობისკენ მოუწოდებს
პაატა დავითაია საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების დაგმობისკენ მოუწოდებს
11:21 10.03.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაგმობისკენ მოუწოდებს.  მისი განცხადებით, რომელიც მან დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არალეტიმურია, რადგან იქედან 300 ათასამდე ადამიანია დევნილი.
"მოვუწოდებ ევროკავშირს, ევროსაბჭოს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას - დაგმონ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები. ასევე მივმართავ აფხაზეთის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოსთან თანაცხოვრებაა" - განაცხადა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერის თქმით, ერთადერთი დელეგაცია, რომელიც აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდა - რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაა. მისივე განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ სოხუმში დამკვირვებლის სტატუსით სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებია ჩასული რაც სიცრუეა, რადგან იქ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ და არა საპარლამენტო დელეგაციები.
დღეს აფხაზეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება. დეპუტატის 35 მანდატისთვის 150-მდე კანდიდატი იბრძვის. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 150 ათასს აღწევს. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში დღეს 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

ბეჭდვა