ქართული ოცნება მათი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის - მიხეილ მესხის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც "ქართული ოცნების " მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მესხს პირად ტელეფონზე მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გამოჩნდა.
"აქციის დასრულების შემდეგ, მესხის ტელეფონზე უცნობი პირები რეკავდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ მას და ურჩევდნენ აღარ გაემართათ მსგავსი აქცია" - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს 14 საათზე, მიხეილ მესხი ქალაქის მთავარ პროკურატურას მისდამი ზეწოლის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით მიმართავს.
"მე თავისუფალი მოქალაქე ვარ" - ამ სახელწოდების აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გუშინ გამართეს.
