მაჭავარიანი - ჯვრის მონასტრის საკითხით ადრე ბადრი პატარკაციშვილი იყო დაკავებული
მაჭავარიანი - ჯვრის მონასტრის საკითხით ადრე ბადრი პატარკაციშვილი იყო დაკავებული
17:12 09.03.2012
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხით რამდენიმე ხნის წინ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პატარკაციშვილამდე ამაზე სხვა ბიზნესმენებიც მუშაობდნენ, თუმცა, მისთვის უცნობია, იყო თუ არა საკითხში როდესმე ჩართული ბიძინა ივანიშვილი.
"ეს ძალიან რთული საკითხია. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ისტორიული ძეგლი და ფასეულობა, რომელიც ქართულ ისტორიას, კულტურას, მართლმადიდებულ რელიგიას უკავშირდება" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანმა.
მან დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
იგი აღნიშნავს, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამდე, შუამავლების მეშვეობით ქართველმა ბიზნესმენებმა მიმართეს და მონასტრის გამოსყიდვა შესთავაზეს, თუმცა, ეს შეუძლებელია.

ბეჭდვა