"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს სთხოვს შეაჩეროს თავისი პარტიისთვის შემოწირულობის ჩარიცხვა. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მივმართვავთ საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს, შეაჩეროს ჩვენი პარტიისთვის 200 ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობის ჩარიცხვა. ამასთანავე, მივმართავთ კონტროლის პალატას შეიმუშავოს სპეციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც პოლიტიკური პარტიები დაცული იქნებიან ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციისა და შანტაჟისაგან" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, იმის გადასამოწმებლად, ხორციელდება თუ არა რაიმე სახის ზეწოლა შემომწირველზე, მოძრაობაში ცხელი ხაზი ამოქმედდება.
ბანკებსა და კონტროლის პალატაში აღნიშნული მოთხოვნით "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დღესვე წერილებს შეიტანს.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ეს მცირედით მაინც შეუშლის ხელს იმ პროვოკაციებსა და შანტაჟს, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს ხელოვნურად უქმნის.
