თბილისში, ვაზისუბანში დღეს მოქალაქე ლაშა გელანტია გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს პოლიციამ შეტყობინება მიიღო ვაზისუბნის მე–3 მიკროს, მე–5 კორპუსის, მე-7 სართულზე, ბინა N 24–ში, ლაშა გელანტიას მიერ მოქალაქე თ.მ-ის გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდამცავები აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ და ბინაში მყოფთ კარის გაღება მოსთხოვეს.
"კარი პოლიციას მოქალაქე თ.მ-მ გაუღო. ბინაში შესვლის შემდეგ ლაშა გელანტია ბინაში აღარ იყო, დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გელანტია უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში აღნიშნული სახლის ეზოში იყო. თვითმხილველმა შეამჩნია თუ როგორ ცდილობდა გელანტია თავისი ფანჯრიდან, მე-7 სართულიდან ზევით სახლის სახურავისკენ ასვლას, რა დროსაც იგი ჩამოვარდა და ეზოში დაცემისას გარდაიცვალა" - ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
სამართალდამცავების მიერ მიღებული ინფორმაციით, ეს არ იყო ლაშა გელანტიას მიერ თ.მ-ის გაუპატიურების პირველი ფაქტი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
