საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია ეჭვს გამოთქვამს, რომ საწვავის ბიზნესი საქართველოში პრეზიდენტის "პირადი ბიზნესია".
ფრაქციაში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბარათურიამ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას გადამოწმება და შესწავლა სჭირდება, რისთვისაც ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
ბაღათურიამ დიპლომატებს მის ხელთ არსებული მასალა გააცნო. მისი განცხადებით, 2004 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ პრეზიდენტობამდე სააკაშვილს მოკრძალებული ქონება ჰქონდა.
"მას გააჩნდა 95 ათას ლარად შეფასებული ბინა, 9 500 ევრო მეუღლის სახელზე ბანკში "სოსიეტე ჟენერალი", 3 500 ევრო პირადად მის სახელზე "თი-ბი-სი" ბანკში. 2009-2010 წლების დეკლარაციით, პრეზიდენტის ქონება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა წყაროს მითითების გარეშე. 2009 წელს მისმა მეუღლემ საჩუქრად 456 ათასი ლარი მიიღო, 2010 - ში კი, 644 ათასი ლარი. კანონის თანახმად, პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს წელიწადში 1 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება ეკრძალებათ" - განუმარტა ელჩებს ბაღათურიამ.
ბაღათურიამ დიპლომატებს ასევე განუცხადა, რომ შესასწავლია ინფორმაცია პრეზიდენტის ნათესავების ოქროს საბადოების ბიზნესში ჩართვის თაობაზეც.
დეპუტატმა ელჩებს პრეზიდენტის 2007 წლის N308-ე და N127-ე განკარგულებები გადასცა. ბაღათურიას თქმით, ამ დოკუმენტებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონება სააკაშვილისა და მისი ოჯახის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავიდა.
